პირის ღრუს დაავადებები მათი გამომწვევი მიზეზები

პირის ღრუს დაავადებების ძირითადი რისკის ფაქტორებია: არაჯანსაღი კვება, თამბაქო და ალკოჰოლი. ზემოაღნიშნული ფაქტორები წარმოადგენენ ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკ-ფაქტორებსაც, როგორიცაა – გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და  ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, კიბო, დიაბეტი. აღსანიშნავია, რომ  ქრონიკულ დაავადებებს ხშირად პირის ღრუს დაავადებები ახლავს თან.

ასევე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს პირის ღრუს ჰიგიენის წესების დარღვევაც წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ პირის ღრუს დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი  გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის მიხედვით სხვადასხვაა – პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მეტად მნიშვნელოვან ზეგავლენას სოციალური დეტერმინანტებიც ახდენენ.

პირის ღრუს დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია საშუალო და მცირე შემოსავლიან ქვეყნებში და, აგრეთვე, ნებისმიერი ქვეყნის ღარიბ და სოციალურად დაუცველ ფენებში.

 

პრევენცია და მკურნალობა

 

პირის ღრუს დაავადებების გლობალური ტვირთი შესაძლოა, შემცირდეს, თუ ვიმოქმედებთ მისი ძირითადი რისკის ფაქტორების წინააღმდეგ, თუ:

შევამცირებთ შაქრის მოხმარებას და მუდმივად დავიცავთ ბალანსირებული კვების წესებს, რაც მოახდენს კბილებში ღრმულების წარმოქმნისა და კბილების დაკარგვის პრევენციას

მივირთმევთ ხილსა და ბოსტნეულს

შევწყვეტთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, რაც შეამცირებს პირის ღრუს კიბოს, ღრძილების დაავადებებისა და კბილების დაკარგვის რისკს

დავიცავთ პირის ღრუს ჰიგიენის წესებს

გამოვიყენებთ დამცავ საავტომობილო აღჭურვილობას სახის დაზიანების თავიდან ასაცილებლად

დავიცავთ  გარემოს უსაფრთხოებას

ფტოროვანი ნაერთები გვხვდება  წყალში, მარილში, რძეში. ისინი ასევე შედის კბილის პასტის შემადგენლობაში. ფლუოროიდების ოპტიმალური დონის ხანგრძლივად ზემოქმედება მნიშვნელოვნად უშლის ხელს კბილში ღრმულების წარმოქმნას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

პირის ღრუს დაავადებების უმეტესობა პროფესიონალურ სტომატოლოგიურ ჩარევას მოითხოვს, მაგრამ ხელმისაწვდომობის შეზღუდულობის გამო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის დონე საკმაოდ დაბალია სოფლად მცხოვრებ ხანდაზმულებსა და, ასევე, დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ადამიანებს შორის.

პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვის დონე ძალზე დაბალია საშუალო და მცირე შემოსავლიან ქვეყნებში.

ტრადიციული სამკურნალო სტომატოლოგიური მომსახურება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტვირთია ბევრი მაღალშემოსავლიანი ქვეყნისთვისაც, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დანახარჯების მხოლოდ 5-10%-ია განკუთვნილი  პირის ღრუს დაავადებებისთვის. საშუალო და მცირე-შემოსავლიან ქვეყნებში კი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე გათვლილი  ჯანდაცვის პროგრამები იშვიათია. სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების თავიდან აცილების ყველაზე ოპტიმალური საშუალება პირის ღრუს დაავადებების პრევენციაა.

Share:

კომენტარის დატოვება